English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ ნონა ქავთარაძე
საქართველოს საგარეო ვაჭრობის ტენდენციები 2018 წელი

რეზიუმე. სტატიაში წარმოდგენილია საქართველოს საგარეო ვაჭრობის, ასევე ქვეყნის ექსპორტ – იმპორტის (სასაქონლო ჭრილში) და სავაჭრო ბალანსის  სტატისტიკური მაჩვენებლების დინამიკა და სტრუქტურა. აღნიშნული მასალის კომპლექსური ანალიზის საფუძველზე, შემუშავებულია რეკომენდაციები, რომელთა განხორციელებაც, ვფიქრობთ, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაფართოებასთან ერთად, ხელს შეუწყობს საერთაშორისო და ევროპულ ბაზრებზე საქართველოს ინტეგრაციას.

საკვანძო სიტყვები: სავაჭრო დეფიციტი, ექსპორტი, იმპორტი, სავაჭრო ბრუნვა. 

შესავალი

თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საერთაშორისო ვაჭრობაში მის ჩართულობაზე. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს საგარეო ვაჭრობის დინამიკასა და სტრუქტურასთან და მთლიანობაში სავაჭრო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, არ კარგავს თავის  აქტუალურობას.

*******

2018 წელს საქონლით საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 16.9 პროცენტით გაიზარდა (2017 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით) და აბსოლუტურ მაჩვენებლებში 12 484.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა როგორც საქონლის იმპორტის, ასევე ექსპორტის ჭრილში. შედეგად, საქონლის რეგისტრირებული იმპორტი 14.9 პროცენტით გაიზარდა და აბსოლუტურ მაჩვენებლებში 9 122.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ექსპორტი 3 362.1 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა და 22.9 პროცენტით გადააჭარბა 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელს.

დადებით მომენტად შეგვიძლია მივიჩნიოთ ის ფაქტიც, რომ 2018 წელს კვლავ შენარჩუნდა ექსპორტის ზრდის ტენდენცია ევროკავშირის ქვეყნებში (EU), ასევე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) (CIS), შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC), სუამის (GUAM) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ქვეყნებში (OECD).

ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის ზრდა ძირითადად ბულგარეთსა და ნიდერლანდებში გაზრდილმა ექსპორტმა განაპირობა, თუმცა აღნიშნულ ქვეყნებთან ერთად ექსპორტი ასევე გაიზარდა, გერმანიასა და ესპანეთში. რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, ექსპორტის ზრდის კუთხით მეზობელი ქვეყნებიდან ლიდერი პოზიცია აზერბაიჯანს უკავია. 2018 წელს საქართველოდან საქონლის რეგისტირებული ექსპორტი აზერბაიჯანში მკვეთრად – 84.7 პროცენტით გაიზარდა[1]. ექსპორტი გაიზარდა ასევე სომხეთში, რუსეთსა და თურქეთში. საექსპორტო შემოსავლების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უკრაინაში, აშშ–ში და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გაზრდილმა ექსპორტმა.

2018 წელს საქართველოს ძირითადი საექსპორტო ქვეყნების რიცხვში შევიდნენ: 1. აზრებაიჯანი (14.9 %); 2. რუსეთი (13.0 %); 3. სომხეთი (8.5 %); 4. ბულგარეთი (7.7 %); 5. თურქეთი (6.9 %); 6. ჩინეთი (5.9 %); 7. უკრაინა (5.2 %).

აღნიშნული ქვეყნების ჯამურმა წილმა საქართველოს მთლიანი ექსპორტის 62. 1 პროცენტი შეადგინა.

2018 წელს ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების ზრდა განხორციელდა შემდეგი სასაქონლო პოზიციების ხარჯზე (იხ. ცხრილი № 1).

                                                                                                                           ცხრილი 1.

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფები 2018 წელი[2]

კოდი

საქონლის დასახელება

მლნ აშშ დოლარი

წილი მთლიან ექსპორტში (%)

2603

სპილენძის მადნები და კონცენტრატები

504.2

14.9

8703

მსუბუქი ავტომობილები

408.9

12.2

7202

ფეროშენადნობები

352.6

10.5

2204

ყურძნის ნატურალური ღვინოები

196.9

5.8

2402

სიგარები, სიგარილები და სიგარეტები

148.7

4.4

3004

სამკურნალო საშუალებები დაფასოებული

147.2

4.4

2208

ეთილის სპირტი, სპირტიანი სასმელები

129.1

3.8

2201

მინერალური და მტკნარი წყლები

110.2

3.3

3102

აზოტოვანი სასუქები

92.1

2.7

7108

ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით

69.8

2.1

 

ცხრილის სახით წარმოდგენილი მონაცემების ანალიზის საფუძველზე შევნიშნავთ, რომ უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფებიდან, მთლიან ექსპორტში ხვედრითი წილის მიხედვით განსაკუთრებული ადგილი სპილენძის მადნების და კონცენტრატების, მსუბუქი ავტომობილების, ასევე ფეროშენადნობების ექსპორტს უკავია. 

საანალიზო 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, საექსპორტო შემოსავლების ზრდის კუთხით აღსანიშნავია მსუბუქი ავტომობილების მზარდი ექსპორტი. კერძოდ, საკვლევ 2018 წელს მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 74.1 პროცენტით გაიზარდა და მთლიანი ექსპორტის 12.2 პროცენტი შეადგინა. თუმცა, იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ავტომობილების წარმოება არ ხდება, აღნიშნული საქონელი არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც საქართველოს ეკონომიკის რეალური სექტორის პროდუქტი, აქედან გამომდინარე, აღნიშნული ზრდა  მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების გაზრდილ რეექსპორტს უკავშირდება. საანალიზო წელს ასევე მნიშვნელოვნად, კერძოდ 3.5-ჯერ გაიზარდა სიგარების, სიგარილების და სიგარეტების, ხოლო 15.2 პროცენტით მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი.

რაც შეეხება იმპორტს, 2018 წელს იმპორტი გაიზარდა, როგორც  ევროკავშირის ქვეყნებიდან (EU), ასევე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC), დსთ–ს (CIS) და სუამ–ის (GUAM) ქვეყნებიდან.

2018 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტის ზრდა ძირითადად საფრანგეთიდან და ბელგიიდან განხორციელებული იმპორტის მკვეთრი მატების შედეგი იყო. კერძოდ, საფრანგეთიდან იმპორტი 94.8 პროცენტით, ხოლო ბელგიიდან 172.8 პროცენტით,  2.7 - ჯერ გაიზარდა (2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით).

მნიშვნელოვანია ასევე რეგიონის ქვეყნებიდან, კერძოდ: რუსეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან გაზრდილი იმპორტი. იმპორტის მაჩვენებელი ასევე გაიზარდა აშშ–დან (34.0 პროცენტით), უკრაინიდან (15.6 პროცენტით), ჩინეთიდან (13.7 პროცენტით) და თურქეთიდან (7.0 პროცენტით).

2018 წელს საქართველოს ძირითადი იმპორტიორი ქვეყნების რიცხვში შევიდნენ: 1. თურქეთი (16.1 %); 2. რუსეთი (10.3 %); 3. ჩინეთი (9.1 %); 4.აზერბაიჯანი (6.4 %); 5. უკრაინა (5.6 %); 6. გერმანია (4.7 %); 7. აშშ (3.9 %).

საქართველოს მთლიან იმპორტში მათი ჯამური წილი 56.3 პროცენტით განისაზღვრა.

თუ გავაანალიზებთ 2018 წლის იმპორტის მაჩვენებლის დინამიკას სასაქონლო ჭრილში, შევნიშნავთ, რომ საანალიზო წელს იმპორტის ზრდაზე არსებითი გავლენა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის ზრდამ მოახდინა, შედეგად აღნიშნულმა საქონელმა მთლიანი იმპორტის 9.5 პროცენტი შეადგინა. ასევე მნიშვნელოვანია მსუბუქი ავტომობილების და სპილენძის მადნების და კონცენტრატების იმპორტი, კერძოდ, მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა მთლიანი იმპორტის 6.5 პროცენტი, ხოლო სპილენძის მადნების და კონცენტრატების იმპორტმა 4.3 პროცენტი  მოიცვა (იხ. ცხრილი №2).

                                                                                                                           ცხრილი 2.

საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფები 2018 წელი[3]

კოდი

საქონლის დასახელება

მლნ აშშ დოლარი

წილი მთლიან იმპორტში (%)

2710

ნავთობი და ნავთობპროდუქტები

863.9

9.5

8703

მსუბუქი ავტომობილები

598.2

6.5

2603

სპილენძის მადნები და კონცენტრატები

396.7

4.3

3004

სამკურნალო საშუალებები დაფასოებული

338.6

3.7

2711

ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები და სხვა

283.9

3.1

8517

სატელეფონო აპარატები

197.9

2.2

2402

სიგარები, სიგარილები და სიგარეტები

186.8

2.1

8471

გამომთვლელი მანქანები და ბლოკები

126.6

1.4

1001

ხორბალი და მესლინი

114.9

1.3

7700

შერეული საქონელი

102.6

1.2

 

საანალიზო 2018 წელს გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების; სპილენძის მადნების და კონცენტრატების; სიგარების, სიგარილების და სიგარეტების;  ასევე გამომთვლელი მანქანების და ბლოკების; ხორბლის და მესლინის და შერეული საქონლის იმპორტი.

2018 წელს საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდის მიუხედავად, კვლავ მნიშვნელოვან საკითხად რჩება  საგარეო ვაჭრობის დეფიციტის მზარდი მაჩვენებელი. 2018 წელს საგარეო სავაჭრო დეფიციტი (2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით) 10.7 პროცენტით გაიზარდა და აბსოლუტურ მაჩვენებლებში 5 760.2 მლნ აშშ დოლარი,  მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.1 პროცენტი შეადგინა. თავის მხრივ, სავაჭრო დეფიციტი განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა სავაჭრო დეფიციტის მზარდი მაჩვენებელი, ეროვნული დანაზოგის შემცირების მანიშნებელია, რაც, თავის მხრივ, აფერხებს კაპიტალის, მწარმოებლურობის და ცხოვრების დონის ზრდას.

დასკვნა

ჩატარებული კვლევის შედეგები შეიძლება წარმოვადგინოთ შემდეგი დასკვნის სახით:

2018 წელს ევროკავშირის ქვეყნებთან, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდის მიუხედავად, ადგილი ჰქონდა იმპორტისგან ექსპორტის მაჩვენებლის მნიშვნელოვან ჩამორჩენას. კერძოდ, 2018 წელს საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან განხორციელებულმა იმპორტმა – 3.6-ჯერ გადააჭარბა საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მაჩვენებელს. აქედან გამომდინარე,  ევროკავშირის ქვეყნებთან ექსპორტის ზრდის მიმართულებით მიზანშეწონილად მიგვაჩნია, მოხდეს ევროკავშირის ბაზრის სტანდარტების შესაბამისი მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოება, რათა ქვეყანამ შეძლოს ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA)[4] მინიჭებული შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება.

მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი ვაჭრობის დაწყებისას, როდესაც ქვეყანა ხდება საქონლის ექსპორტიორი, ამ საქონლის ადგილობრივი ფასი იზრდება, მსოფლიო ფასის დონემდე, ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობა, მაინც ორმხრივად სასარგებლოა. რადგან, საერთაშორისო ვაჭრობაში ქვეყნების აქტიური ჩართულობა, მათ შესაძლებლობას აძლევს აწარმოონ ის საქონელი და მომსახურება, რომლის წარმოებაშიც ისინი შედარებით უპირატესობას ფლობენ. ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევების საფუძველზე გამოვლინდა, რომ ეკონომიკის სექტორები, რომლებშიც საქართველოს შედარებითი უპირატესობა გააჩნია მიეკუთვნება: ტრანსპორტირება, უწინარეს ყოვლისა - ენერგეტიკული რესურსებისა, აგრეთვე – სოფლის მეურნეობა და კვების მრეწველობა, ჰიდროენერგეტიკა, ტურიზმი [Papaphilippou, 2008:49; Samson, 2008: 76]. 

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ინვესტიციების ზრდა მოხდეს უპირატესად სწორედ სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის დარგებში. განსაკუთრებით იმ რეალიების გათვალისწინებით, რომ საქართველოს საიმპორტო სასაქონლო ჯგუფებში სასოფლო–სამეურნეო პროდუქცია საკმაოდ მრავალფეროვანი ასორტიმენტით არის წარმოდგენილი[5].

ამასთანავე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, განხორციელდეს ქვეყნის ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების სტიმულირება და სახელმწიფო ხელისუფლების  მიერ ეფექტიანი სავაჭრო პოლიტიკის შემუშავება.

ვფიქრობთ, აღნიშნული ღონისძიებების გატარება გარკვეულ  წვლილს შეიტანს ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდის და მთლიანობაში საგარეო სავაჭრო ურთიერთობების  გაუმჯობესების მიმართულებით. 

გამოყენებული ლიტერატურა: 

  1. საგარეო ვაჭრობის დინამიკა 2018 წელი – www.geostat.ge
  2. ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულები 2019-2022 წლებისათვის (საბოლოო ვარიანტი) – www.mof.ge
  3. Papaphilippou A., 2008. Risks for the Sustainability of Georgia’s Economic Growth. Georgian Economic Trends, February. გვ.49.
  4. Samson I., 2008. “Medium – Term Prospects for the Georgian Economy”. Georgian Economic Trends, February. გვ.76.

[1] აღნიშნული ზრდა ძირითადად მსუბუქი ავტომობილების და სიგარები, სიგარილები და სიგარეტების გაზრდილ ექსპორტს უკავშირდება.

[2] წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

[3] წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

[4] ხელი მოეწერა 2014 წლის 27 ივნისს.

[5] მაგალითად, მსხვილ საიმპორტო სასაქონლო ჯგუფში  2018 წელს ხორბლის და მესლინის იმპორტმა ქვეყნის მთლიანი იმპორტის 1.3 პროცენტი შეადგინა და აბსოლუტურ მაჩვენებლებში 114.9 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა.